18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა - ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2019 წელი შეაჯამა და სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2019 წელი შეაჯამა და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და მისი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობაში არსებობს სამომავლოდ.

"ეს წელი ნამდვილად ინტენსიური გახლდათ და წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ კვლავ ძალიან ძლიერია, ძლიერი ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები. პირველ რიგში უნდა ვახსენო საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ამას ძალიან ვაფასებთ, ეს არის ერთობლივი თავდადება და თავგანწირვა, უნდა აღვნიშნოთ ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ჩვენთან პარტნიორობით მიმდინარეობს და საქართველოს ბატალიონების ნახევარზე მეტმა უკვე გაიარა წვრთნები ტერიტორიულ თავდაცვაში, აღნიშნულ წვრთნებს გაივლიან ბატალიონების სხვა ნაწილიც. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ყველაფრით, რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს თხილის მწარმოებელ ასოციაციასთან ერთად მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს და წელს თხილის მოსავალი საქართველოში ძალიან დიდი იყო, რა თქმა უნდა ჩვენი სამუშაოს შედეგი იყო მათ შორის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა.მინდა აღვნიშნო ჩვენი დახმარება ფერმერებისთვის, რომელთა მოსავალიც შიდა ქართლში სეტყვამ დააზიანა. ჩვენ გვქონდა ბევრი წარმატებული კულტურული მიმართულებაც, მსურს აღვნიშნო ერთ-ერთი პროექტის პირველი ფაზის დაწყებაც, ჯვრის სამონასტრო კომპლექსის გარე ფასადის აღდგენაც. ჯვარი გახლავთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლი,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ახალი გამოწვევებითა და სირთულეებით. ელიზაბეთ რუდი იმედოვნებს, რომ 2020 წლიდან აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

"სულ ახლახანს მიიღეს გადაწყვეტილება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო მოულოდნელი ამბებიც რამაც უფრო ინტენსიური გახადა ეს წელიწადი. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა 20 ივნისის ამბები, რაც ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ იმ თანმდევი შედეგების გადაჭრას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვა.

იყო გარკვეული წუხილი რის შესახებაც ჩვენ ხმა მივაწვდინეთ საქართველოს მთავრობას და გამოვთქვით იმედგაცრუება მოსამართლეთა შერჩევის პრინციპებზე. საქართველოს პროცესების დახვეწაში დავეხმარებით, ჩვენ ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობები გვაქვს და 2020 წლისთვის ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ინტერვიუში ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა:

"ჩვენი ურთიერთობის პრიორიტეტები გაწერილია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, ეს არის დემოკრატია და მმართველობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ხალხთა შორის ურთიერთობა, ვაჭრობა და ა.შ.  ჩვენ გვსურს ვისურვოთ შემდგომი რეფორმები ეკონომიკური ზრდისთვის და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია შემდგომი რეფორმები სასამართლო სისტემაში, აგრეთვე შრომის კოდექსში, რაც ხელს შეუწყობს უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.საქართველოს ბევრი სარგებელი აქვს გენერალური პრეფერენციების სისტემა, ორმხრივი შეთანხმებები, რაც ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი სურვილია ვიხილოთ უფრო მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში,"- განაცხადა რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობაზე და საქართველოს უსაფრთხოებასთან მიმართებაში ვაშინგტონის ხედვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოტენციალი არსებობს და საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება:

"ჩვენ მტკიცედ ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები, ვიცით, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება. გვაქვს საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაში შედის მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ბევრი ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო სწავლებები. წელს ვიხილეთ საქართველო-ნატოს წვრთნები სადაც საქართველომ დაამტკიცა საკუთარი უნარი, იყოს ლიდერი ოპერაციის წარმართვის, კონტროლის და სხვა კომპონენტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი. გარდა ამისა მსურს ვახსენო მასშტაბური სწავლება Agile Spirit და მომავალ წელსაც ველით ამ წვრთნებს, ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია გემების ვიზიტი, რაც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ვიზიტები საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო მეტი წვლილი შეიტანოს, როგორც რეგიონულ ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. წელს გვყავდა ქართველი კურსდამთავრებულები შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში,  2019 წელს დავასრულეთ აგრეთვე ჯაველინების სისტემის მიწოდება საქართველოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის. ვფიქრობ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალ წელს,"- აღნიშნა რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სიძლიერე სწორედ შიდა ერთიანობაში, პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებთან მეგობრობაშია.

ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ​აშშ-სთვის ოკუპაცია მიუღებელია და ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"საქართველომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, ვფიქრობ, რომ თქვენი ძალა შიდა ერთიანობაშია, პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებთან მეგობრობაში. სწორედ ამიტომ არის აშშ-სა და  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებელია ოკუპაცია, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს საქართველოდან ჯარი კონფლიქტამდე პოზიციებზე. საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური პროცესი იქნება ამისთვის მზად, ჩვენ კი სწორედ ამიტომ ვართ აქ რომ პროცესს მხარი დავუჭიროთ,"- აღნიშნა რუდმა.

ელიზაბეთ რუდი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესაც შეეხო  და აღნიშნა, რომ აშშ არ ცნობს დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას და სწორედ ამიტომ, მოვლენათა ასეთი განვითარება გაცილებით შემაშფოთებელი და მიუღებელი იყო მათთვის.

"ექიმი გაფრინდაშილისთვის პატიმრობის შეფარდება ძალიან ცუდი ამბავია ნამდვილად. ჩვენ არ ვცნობთ დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმურობას ამიტომ მოვლენათა ასეთი განვითარება უფრო მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ გამოუშვან ვაჟა გაფრინდაშვილი. შეშფოთებულები ვართ და ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ ეს საკითხი ყველა მომლაპარაკებელთან წამოვჭრათ,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ელიზაბეთ რუდი პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდგომ პროცესებსა და  მოსალოდნელ შედეგებსაც შეეხო.

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მიდის დიალოგის პროცესები პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ და რა მოლოდინი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა,რომ კანონპროექტის ჩაგდება იმედგაცრუება იყო:

"კანონპროექტის ჩაგდება იყო იმედგაცრუება, რადგან ამ საკითხზე დიდი მოლოდინი არსებობდა, ჩვენ ვცადეთ პროცესს დიალოგის ხელშეწყობით დავხმარებოდით, ძალიან ვაფასებ რომ, როგორც მმართველი ასევე, ოპოზიციური პარტიები დათანხმდნენ მოლაპარაკებებს, რათა განხილულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილებების საშუალებები, რომლებიც სამართლიანად წარმოადგენს და ასახავს ქართველი ხალხის ხმებს არჩევნებზე.

უმნიშვნელოვანესია იყოს პოზიტიური გარემო ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებთ ყველა ჯგუფს, რომელიც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ეს გააკეთონ კანონის უზენაესობის ფარგლებში და არასოდეს მიმართონ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამართალდამცავი, საგამოძიებო და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები სიფრთხილით მოეკიდონ პროცესს და დაიცვან სრული ობიექტურობა პოლიტიკური გავლენების გარეშე, ეს ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომლის მიმართაც არსებობს ნდობა.

არ ვიცი როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები, რომლის მეოთხე რაუნდიც უკვე შედგა, მთავრობამ წარმოადგინა ახალი შეთავაზება, რასაც მივესალმეთ კიდეც თუმცა, მასზე შეთანხმება არ მიღწეულა. ახლა ავიღებთ გარკვეული პერიოდით შესვენებას, მონაწილეებს ექნებათ საშუალება ანალიზი გააკეთონ, ამ პროცესს კი იანვრიდან გავაგრძელებთ. ვფიქრობ, კონსტრუქციულია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთ-ერთმა მხარემ რაღაც ახალი წარმოადგინა, მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ გახდება თუ არა, ეს შეთანხმების საფუძველი და ვერ ვიტყვი რომელია სწორი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის, ეს ქართველების გადასაწყვეტია.

შევხედავთ სხვადასხვა შეთავაზებებსაც, საბოლოო უარი არაფერზე ყოფილა. უნდა მოიძებნოს საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო მთავრობას ქართველი ხალხისთვის, დემოკრატიას კი წინ წაწევს," - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა. რუდის თქმით, აშშ ამჩნევს იმ პროგრესს, რაც სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული, თუმცა არის შენიშვნები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის მაგალითად ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაიხვეწება. ელიზაბეთ რუდის თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის აშშ-მა 30 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა:

"ძალიან მარტივია გააკრიტიკო ერთი კონკრეტული მიმართულება, მაგრამ თუკი საკითხს უფრო ფართოდ შევხედავთ შეერთებული შტატებმა განახორციელა 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის განვითარებისათვის საქართველოში. ამ თანამშრომლობამ მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, მაგალითად საქართველოში გვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არიან უფრო მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეები, არსებობს საქმეთა მართვის ახალი სისტემა, სასამართლო დარბაზები არის უკეთ აღჭურვილი, მეტად განათლებული მოსამართლეები, იყო ბევრი სხვა გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში ეს კი ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს ახლა აქვთ უფრო პოზიტიური გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობაში ვიდრე ეს აქამდე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებისთვის მუშაობა, როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები და წუხილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შედეგთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ სანამ შემდგომი მოსამართლეების შერჩევა მოხდება, ეს სისტემა და პროცესი დაიხვეწება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რაც სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული,"- განაცხადა რუდმა.

ინტერვიუში საუბარი შეეხო საქართველოსი არსებულ მედია გარემოსა და მედია თავისუფლებასაც, ამ კონტექსტში ელიზაბეთ რუდი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც შეეხო. ელიზაბეთ რუდის თქმით, მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა:

"ჩვენი ზოგადი მიდგომაა, რომ თავისუფალი და ცოცხალი მედია ქვაკუთხედია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ იმ შედეგებს, რაც ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვიხილეთ, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს არ გამოიწვევდა მედია სივრცის შევიწროებას. ახლა კი ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით. ასევე მნიშვნელოვანია, გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტიკაში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ გაშუქდეს პოლიტიკური დებატები და არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზება ისე, რომ ხალხმა შეძლოს მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რაც მას სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მათ ქვეყანას ეხება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანას საარჩევნო წელი უდგას," - განაცხადა რუდმა.

დღის ამბები