"ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმების საქმეზე ოპოზიცია აუდიტის სამსახურს გამოძიების დაწყებას სთხოვს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში უნდა გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც სკანდალურ ანგარიშში მოხვდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აუდიტის სამსახურს მიმართავს. ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ორგანიზებულად დაფინანსებული სისტემური ქსელი, რომელიც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო საქმიანობაში იყო ჩართული.
"გვსურს, მივმართოთ აუდიტის სამსახურს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს საქმის მოკვლევა და გამოძიება, დაიკითხონ და გამოიკითხონ ყველა ის პირები, რომლებიც ჩართულნი და მოხსენიებულნი არიან "ფეისბუკის" ანგარიშში და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცალკეული იურიდიული პირების, ან ცალკეული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ქმედება, ეს არის სისტემური, ორგანიზებული, ორგანიზებულად დაფინანსებული მთელი ქსელი, რომელიც ჩართული იყო "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო საქმიანობაში," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
როგორც "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, პირველ რიგში, უნდა გამოიძიოს საბიუჯეტო თანხები იყო თუ არა გამოყენებული. ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს, ან ვინმეს დასჯის.
"ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს, მინიმუმ გამოსაძიებელია საბიუჯეტო ხარჯები თუ გამოიყენებოდა ამისთვის. გასაგებია, რომ იქ შეიძლება იყოს არასაბიუჯეტო თანხები, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმალურად რომ მოდიოდეს სხვადასხვა ბიზნესიდან, გასაგებია, რომ არის ხელისუფლების მხრიდან კოორდინირებული ქმედება, რაც გამოსაძიებელია. უბრალოდ, სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ ახლანდელი პროკურატურა რამეს გამოიძიებს და ვინმეს დასჯის, მაგის მოლოდინი მე არა მაქვს.
მთელმა დედამიწამ გაიგო, რომ საქართველოში გვყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის გაშავებაზე ხარჯავდა ფულს," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.