რა ბედი ელის ანაკლიის პორტს - კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად 8 დღე დარჩა. ჯგუფმა 31 დეკემბრამდე ინვესტორი უნდა დაასახელოს.
როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელობა განმარტავს, მათ კონკრეტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები აქვთ, ასევე ელოდებიან, რომ გარკვეული წინადადებები ექნება სახელმწიფოსაც.
ანაკლიის პორტზე მომუშავე ჯგუფი ყველა სცენარისთვის მზად არის, მათ შორის ხელშეკრულების გაუქმებისთვისაც.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყდება, კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.
როგორც "კურიერთან" საუბრის დროს, ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, მათ ჰყავთ ინვესტორები, რომლებსაც შეუძლიათ "კონტი ჯგუფი" შეცვალონ და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტრატეგიული მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყონ.
ლევან ახვლედიანის თქმითვე, სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს.
"ჩვენ მთავრობისგან ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს ინვესტორებთან დაკავშირებით. ვადებთან დაკავშირებით მეც არა ერთხელ მითქვამს, ვადებზე საუბარი არის არაკონსტრუქციული, თუ მთავრობა ამაზე აკეთებს აპელირებას მათი გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ თუ შეწყვიტავენ ხელშეკრულებას, სამწუხარო იქნება იმიტომ, რომ მოგვიწევს სამართლებრივ დავაში გადასვლა.
უნდა გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯები იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ის პრობლემები და ის დაბრკოლებები, რაც არის დღეს პროექტის გარშემო და ამის მერე შევძლებთ აუცილებლად პროექტის გაგრძელებას," - აცხადებს ლევან ახვლედიანი.
ახვლედიანის პოზიციას იზიარებს პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას ინტერესი აქვს, რომ თუ სამართლებრივ ჭრილში გადავა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული პროცესები, ანაკლიის პორტის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადადოს.
"ჯერჯერობით არ არის ის ნაბიჯები გადადგმული მთავრობის მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფდა ინვესტორის შემოსვლას პროექტში. ეჭვი გვაქვს, რომ მთავრობაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ეს პროექტი ისეთ ფაზაში შეიყვანონ, რომ შემდგომ სასამართლო დავის საგნად გადაიქცეს, რომელიც გადადებს პროექტის განხორციელებას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.