ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემის რისკებზე უკვე “ქართული ოცნების" უმრავლესობის უმრავლესობა ალაპარაკდა. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციასთან ერთადერთ დათმობაზე მიდის - მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შეამციროს.
იმას, რაც საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ კონსტიტუციაში ჩაწერეს, დღეს მმართველ გუნდში ეჭვქვეშ აყენებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული წესით დაკომპლექტების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის პირობებში, შესაძლებელია ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეს.
კოალიციური მთავრობის ფორმირება კი იმ ოპოზიციასთან, რომელსაც დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, შეუძლებლად მიიჩნია. არჩილ თალაკვაძეს დღეს მედიასთან აღარ უსაუბრია, განმარტება "კურიერთან" პირველმა ვიცე-სპიკერმა გააკეთა.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა დაასრულებს. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტია პროპორციულ სისტემას მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება სურს.
"ერთად ერთის წინააღმდეგ" - ერთი მიზნისთვის ბრძოლას განაგრძობენ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაცემულ დაპირებას არ შეასრულებს, ოპოზიცია ახალი წლიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობას აანონსებს. აქციებთან ერთად, დღის წესრიგშია სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც.
ელჩების მონაწილეობით კი მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი გრძელდება. წლის ბოლო შეხვედრაზე ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან ახალი წინადადებით დაჯდა. ამ ვერსიის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პარლამენტში 100 პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი შევა.
პოლიტიკური დიალოგის მომდევნო რაუნდი უკვე მომავალი 2020 წლის იანვარში გაიმართება.