მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ - აშშ-ს მორიგ განცხადებაში განსხვავებულ აქცენტებს კითხულობს თავად ხელისუფლება, სადაც სტრატეგიული პარტნიორის ეს გზავნილი საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს განცხადება, განსაკუთრებით კი ის გზავნილი, სადაც მეოთხე ტალღის რეფორმირებაზე არის საუბარი, მეტყველებს იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მხარს უჭერს.
"ჩვენ ძალიან კარგად წავიკითხეთ ის ტონი, რადგანაც გამოქვეყნდა ეს არა მხოლოდ ინგლისურად ოფიციალური ვერსია, არამედ ქართულადაც და ყველას შეუძლია წაიკითხოს და ნახოს და თავად შეაფასოს უკვე, ეს სილის გაწნა არის თუ პირიქით შექება.
აშკარად შექება არის, აშკარად მხარდაჭერა არის. აქ არის ცალსახად ხაზგასმა იმ პროგრესისა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლოში მხარდაჭერა მეოთხე ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმისა, რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია.
სხვათა შორის იგივე ტონით და იგივე ხაზგასმით განცხადება გააკეთა შაბათს თუ არ ვცდები, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.
არა მხოლოდ საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის სრულყოფილი სისტემა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა.