საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ისევ კრიტიკის მიზეზი გახდა. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან მიმართებაში, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.
"პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან ნატოში შესვლა ხან ევროკავშირში. ეს ყველა მთავარი პრიორიტეტები, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოს გვქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები, ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებების ტექნიკური ფორმატებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ჟენევას უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური დონე.
"ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არ იცვლება არაფერი, მე მოვითხოვე პირველივე დღიდან, რომ ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, იმიტომ რომ რეალურად ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე. ძალიან კარგად ვხედავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ, თუ რამდენად არაფრის მომცემია ტექნიკური ფორმატები," - აღნიშნა ზურაბიშვილმა
ზურაბიშვილმა შეწყალების სკანდალზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ანგელოზებს და უდანაშაულო ადამიანებს არ იწყალებს.
"რა უნდა ითქვას შეწყალებაზე - ჯერ ერთი, რომ მთელმა საზოგადოებამ მეტი იცის ამ შეწყალებების შესახებ, ვიდრე მეგონა, რომ იცოდა და ბევრი კითხვა, რომელიც დაისვა, დაისვა უფრო ნიშნის მოგებით, ვიდრე იმიტომ, რომ არ იცოდა საზოგადოებამ. მეორე – შეწყალება უთუოდ ეხება, უთუოდ არა, მაგრამ უნდა შეეხოს ასევე, თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს. ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში მკვლელებსაც ეხება, ანუ ჩვენ ანგელოზებს არ ვიწყალებთ და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ. შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის და შემდეგ არის ყველა ის გარემოებები," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.