18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
"შავი სია" - ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გადაადგილების შეზღუდვასა და ფინანსურ სანქციებს ითხოვს

ოპოზიციის შავი სია - ახალ წლამდე შეჩერებული დიალოგის ფონზე, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გადაადგილების შეზღუდვასა და ფინანსურ სანქციებს ითხოვს.

ოპოზიციის მიერ მომზადებული ე.წ. შავი სიის სამუშაო ვერსიაში, პოლიტიკური რეპრესიების ავტორებისა და შემსრულებლების სახელები უკვე წერია.

აღსანიშნავია, რომ ინტერპარტიული კომისიის წევრები სამუშაო ვერსიის ჩამონათვალის გაზრდას კვლავ აანონსებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ე.წ. ჯალათების სიაში, მათივე განმარტებით, როგორც უკანონო ბრძანების გამცემები, ასევე, შემსრულებლებიც შეჰყავთ. დასრულების შემდეგ, სია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ. ჩამონათვალში მოხვედრილებისთვის კი, კომისია ინდივიდუალურ სანქციებს მოითხოვს.

ინტერპარტიული კომისია, რომელიც ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში შეიქმნა, დღეს პირველად შეიკრიბა.

სამუშაო ფორმატში მონაწილეებმა, ე.წ. შავი სიის პარალელურად, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა ჩამონათვალის შედგენაც დაიწყეს. ამ სიის ფორმირებისას, კომისია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ევროსაბჭოს კრიტერიუმებს დაეყრდნობა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწყისი წერტილი 20 ივნისის ღამე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენებია.

იუსტიციის მინისტრი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს, ოპოზიციის მიერ მომზადებულ 2 სიაზე კი ამბობს, რომ ამას სერიოზულად ვერ უპასუხებს.

ოპოზიციის სიებმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ის, რაც ოპოზიციისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნაა, უმრავლესობისთვის კონსტიტუციის დარღვევაა, ოღონდ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.

ოპოზიცია სიების პირველადი ვარიანტების გამოქვეყნებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთის გაგზავნას 8 იანვარს გეგმავს. მანამდე, ამ საკითხზე ონლაინ რეჟიმში იმუშავებენ. გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე კი, დეტალების შესათანხმებლად, სამუშაო ფორმატში შეიკრიბებიან.

დღის ამბები