თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. ბიუჯეტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.
"2020 წლის ბიუჯეტი, 1 მილიარდ 21 მილიონი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით, 79 მილიონით ნაკლებია. მხოლოდ 12 თეთრით იზრდება უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების ხარჯი და თუ აქამდე 1 ლარად და 18 თეთრად იკვებებოდნენ, ახლა 1 ლარად და 30 თეთრად გამოიკვებებიან.
ნარმანიას დროს 900 ათასი ლარი იყო, შემდეგ 2 მილიონამდე გაზარდა კალაძემ. 2020 წლის ბიუჯეტში, კალაძის პიარზე 4 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი.
"ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ, ამ ფონზე იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები.
გაძვირებულია პირველადი მოხმარების პროდუქტები და მედიკამენტები. მერია არ იღებს პასუხისმგებლობას შესაბამისად იზრუნოს იმ ადამიანებზე, ვისაც სჭირდება მერიიდან მზრუნველობა და შესაბამისად ჩვენ, არ მივიღებთ საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას, ბოიკოტს ვაცხადებთ და არ ვუჭერთ ამ ბიუჯეტს არ ვუჭერთ მხარს,"-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი.
უმრავლესობაში კი თვლიან, რომ დოკუმენტი დედაქალაქის გამოწვევებს სრულად პასუხობს.
"2020 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის და სიციალური ბიუჯეტი შეადგენს 56 მილიონ ლარს, შესაბამისად გრძელდება ყველა ის პროგრამა, რომლელიც არის ჩვენი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. ეს არის ჯანდაცვის მიმართულებით, ონკოლოგიური პროგრმა, C ჰეპატიტის პროგრამა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა," - აცხადებს თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.