18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ახალგორელების 4-თვიანი ტყვეობა და ბიბილოვის წინასაახალწლო ულტიმატუმი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი სიტუაციაა

ოკუპირებული ახალგორის მაცხოვრებლები კლუბის შესასვლელთან შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ წინასაახალწლოდ ახალგორში ჩასული საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტისთვის კითხვა დაესვათ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მოქცეულ საქართველოს ასობით მოქალაქეს ბიბილოვთან მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა - როდის გაიხსნება გზა? ახალგორის მაცხოვრებელი, რომელიც "კურიერს" ოკუპირებული ტერიტორიიდან ანონიმურად დაუკავშირდა, ყვება, რომ მოსახლეობის კითხვას ანატოლი ბიბილოვისგან ულტიმატუმი მოჰყვა.

"ხალხს უთხრა ბიბილოვმა, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ ქართული მხარე წნელისში პოსტს არ აიღებს, მან მოუწოდა, რომ მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს და აიღონ პოსტი" - აცხადებს ახალგორის მაცხოვრებელი

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბიბილოვის ულტიმატუმს პროტესტი მოჰყვა და ადგილობრივების ნაწილმა შეხვედრა დატოვა. ახალგორელი ქალი "კურიერთან" ყვება, რომ რეგიონში უმძიმესი სიტუაციაა ვინაიდან რუსეთიდან შემოსული პროდუქცია ძვირია, მედიკამენტები არ არსებობს, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდნენ, ულუკმაპუროდ არიან დარჩენილი.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო ის ახალგორელები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან, საკუთარ ახლობლებს სიცოცხლისთვის აუცილებელ პროდუქტს და წამლებს რუსეთის გავლით უგზავნიან.

ოფიციალურ თბილისში ახალგორელების პრობლემების შესახებ იციან, თუმცა უკვე 4 თვეა პრობლემა ვერ გვარდება, მათ შორის ვერც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. საოკუპაციო რეჟიმის დღევანდელი ულტიმატუმის შემდეგ, რომელიც სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას ეხება, სახელმწიფო მინისტრი დახმარებისთვის კვლავ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

სასიცოცხლო გზა, როგორც მას ახალგორელები ეძახიან, საოკუპაციო რეჟიმმა 4 სექტემბერს გადაკეტა, ისე რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანებს სამკურნალოდაც არ უშვებდნენ, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყვა. მაშინ ოჯახის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმმა ავადმყოფი ქალის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კლინიკაში გადმოყვანის უფლება ადგილობრივებს არ მისცა.

დღის ამბები