ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებულ ულტიმატუმს, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს, უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებების პრინციპების და ღირებულებების მორიგ დარღვევად აფასებს. იონათამიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ განცხადებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეაფასებს.
"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ყოველ ჯერზე, თავისი განცხადებებით თუ ქმედებებით, აბსოლუტურად ლახავს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების პრინციპებს და ღირებულებებს. ჩვენ ვნახეთ მოსახლეობა, რომელსაც ძალიან ღირსეული რეაქცია ჰქონდა და ცხადია ჩვენ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევაფასებთ ყოველ ჯერზე საკადრისად თითოეულ ასეთ განცხადებას, რომელიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისკენ და უსამართლობისკენ იქნება მოწოდებული,"- განაცხადა იონათამიშვილმა.
განცხადება საგუშაგოსთან დაკავშირებით ბიბილოვმა ახალგორში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბიბილოვის ულტიმატუმს მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა. მათმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს ფაქტიურ ტყვეობაში დაახლოებით 1500-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს. რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მწვავე უკმარისობაა მედიკამენტების და პროდუქტის.