ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებულ ულტიმატუმს, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გამოეხმაურა. გიგაურის შეფასებით, ადამიანების მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჰუმანიტარული საკითხების სპეკულაციის თემად ქცევა მიუღებელია:
"მათი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, სხვა საკითხებთან დაკავშირება ჩვენი ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი და არ შეიძლება ასეთი ჰუმანიტარული საკითხები იყოს სპეკულაციის თემა. ჩვენ ყველაფერის გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვიმუშაოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ამ ადამიანების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალური თანადგომა და მივაღწიოთ იმას, რომ ეს შეზღუდვები დროულად იყოს მოხსნილი," - განაცხადა ლია გიგაურმა.
განცხადება საგუშაგოსთან დაკავშირებით ბიბილოვმა ახალგორში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბიბილოვის ულტიმატუმს მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა. მათმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს ფაქტიურ ტყვეობაში დაახლოებით 1500-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს. რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მწვავე უკმარისობაა მედიკამენტების და პროდუქტის.