ოპოზიციის განცხადებით, სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც "ფეისბუკმა" პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში.
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის თქმით, პანდას გზავნილები არანაირად განსხვავდება ქართული ოცნების გზავნილებისგან:
"მათ რეპუტაციას ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა. რაც შეეხება მათ განცხადებას, არ განსხვავდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების გზავნილებისგან. ეს არის ერთი და იგივე გზავნილი, ისინი აგრძელებენ ივანიშვილის დაქვემდებარებაში ყოფნას და მისი გზავნილებით მუშაობას," - განაცხადა სერგო რატიანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ქართული ოცნება თავისი ანტიდასავლური, სიძულვილის შემცველი პროპაგანდის დასაფინანსებლად გაჭირვებული ადამიანების ბიუჯეტის ფულს ხარჯავდა:
"ფეისბუკმა ძალიან კარგად დაადგინა, რომ კომპანია "პანდა" იყო და არის დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან". დარწმუნებული ვარ, გაჭირვებული ადამიანების, ბიუჯეტის ფულს ხარჯავდნენ იმისათვის, რომ ქართული ოცნების ანტიდასავლური, ქსენოფობიური და სიძულვილის შემცველი საზიზღარი პროპაგანდა დაეფინანსებინათ. ხოლო "პანდას" ბიჭები, ბერას საძმაკაცო, იყვნენ მხოლოდ ინსტრუმენტები,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"პანდა" აღიარებს, რომ ფეისბუკზე თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა "ქართული ოცნების სიყვარულით", არამედ "დიქტატურის დაბრუნების შიშით".