ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უჩიპო პირადობის მოწმობების საკითხს არჩევნებს უკავშირებს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს.
პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. არასამთავრობოები კი ამბობენ, რომ ჩნდება კითხვები, როდესაც სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას ციფრული პასპორტების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვის დასრულებამდე იღებს.
საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
"ოპოზიციის შფოთი იმაზე, რომ ვინმე სხვა მიზნით გამოიყენებს უჩიპო პირადობებს, აბსურდია. როგორ შეიძლება ვინმეს დაესიზმროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმე სათავისოდ გამოიყენებს, ეს წარმოუდგენელია," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
დეტალური შეფასებებისგან თავს იკავებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თუმცა იმედოვნებს, რომ ელექტრონული პირადობა ვინმეს "უბრალო ნივთი არ ჰგონია".
"ვინაიდან დავა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, იძულებული ვარ, თავი შევიკავო მწვავე შეფასებებისგან, თუმცა, იმედი მაქვს, არავის ჰგონია ამ ქვეყანაში, რომ ელექტრონული პირადობა არის უბრალოდ ნივთი, ეს არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარება გადის. სწორედ ამაში იგულისხმება დემოკრატიულად და სანდოობის პირობებში ჩატარებული არჩევნებიც. გაისად საარჩევნო წელია, ამიტომ ის ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარი საარჩევნო სია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2014 წელს შემოიტანა, სწორედ იმიტომაა სანდო, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ელექტრონული პარადობის მოწმობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ერთ დღეს ეჭვქვეშ დადგება," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.