18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
გაფრინდაშვილის გათავისუფლებით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ოკუპაცია და უკანონო დაპატიმრება გძელდება - თალაკვაძე

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პარალელურად კი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალ წელს მოსახლეობას მორიგი შეზღუდვით "ულოცავს".

ე.წ.საზღვარზე ერთადერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი იკეტება. მიზეზად საახალწლო ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები სახელდება. მიმოსვლა ე.წ. საზღვრის "ქარძმანის" მონაკვეთზე, 30 დეკემბრის საღამოს 8 საათიდან დროებით შეწყდება და 3 იანვრის დილი 6 საათიდან გაიხსნება.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ შეზღუდვაზე, საქართველოს პოლიტიკოსები განცხადებებს ავრცელებენ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპაცია ისევ გრძელდება, ადამიანების უკანონო დაპატიმრება კი კვლავ პრობლემად რჩება.

"იმ ფაქტით რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა. სანამ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან, კონკრეტულ საკითხებზე გაკეთებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ოკუპაცია გრძელდება, ადამიანების უკანონო დაპატიმრება კვლავ პრობლემად რჩება და ეს ოკუპაციის რეალური საერთო სურათია," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ოპკუპანტის მიმართ განხორციელებულ ბერკეტებზე საუბრობს, სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე. 

"საოკუპაციო ძალები გამოგონილი მიზეზების საფუძველზე ახდენენ ხოლმე ე.წ გადასასვლელების გადაკეტვას. რითაც ზარალდება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა. რაც შეეხება ბერკეტებს, ეს არის არსებული მოლაპარაკების ფორმატები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. 

დღის ამბები