ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებამ ხელისუფლება და ოპოზიცია ცოტა ხნით გააერთიანა, დღეს ყველა თანხმდებოდა, რომ საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებასა და ძალისხმევას შედეგი მოაქვს. პოლიტიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობამისჯილი ექიმის ციხიდან გამოშვებაში საერთაშორისო მეგობრების წვლილი დიდია.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები მალევე გამოეხმაურნენ. ექიმის გათავისუფლების პარალელურად ისინი საუბრობენ ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემებზე. ოკუპირებულ რეგიონში ახლა ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ პრობლემას ჩაკეტილი ე.წ გადასასვლელები ქმნის.
წერილობითი განცხადება გაავრცელეს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთს საგარეო უწყებებმა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის გათავისუფლებას სოციალური ქსელში ერთ-ერთი პირველი ეუთოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
დღეს იყვნენ ისეთებიც, ვინც ექიმის 49-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ მადლობა ისევ ოკუპანტებს გადაუხადა.
ირმა ინაშვილის აზრით კი, ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ექიმი პატრიოტთა ალიანსმა გამოიხსნა.
ვაჟა გაფრინდაშვილის 49 დღიანი უკანონო პატიმრობის პარალელურად, ექიმის გათავისუფლების საკითხი ქართულმა მხარემ ყველა საერთაშორისო შეხვედრასა და ფორმატში დააყენა, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებისას. ექიმს საოკუპაციო რეჟიმმა გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.