ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი სოფელ გუგუტიანთკარსა და წეროვანში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
კარდინალი დღეს ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრთანაც. პიეტრო პაროლინიმ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა და ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებითაც არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი დღესვე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსაც შეხვდა. პარლამენტში მისულმა კარდინალმა შეხვედრაზე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გარდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განხილვის თემა იყო კულტურისა და განათლების მიმართულებებიც.
პიეტრო პაროლინი იმყოფებოდა ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ საკათედრო ტაძარშიც, სადაც წირვა ჩაატარა. მას საქართველოში არსებული სომხური კათოლიკე წესის სამღვდელოება, ასევე ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მღვდლები და მრევლის წევრები ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს კი ვატიკანის მდივანი თბილისის საკრებულოში ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
ვიზიტის მეორე დღეს იგეგმება კარდინალ პაროლინისა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა. ხვალვე საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" დიდუბის ცენტრსაც ეწვევა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი