18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურები გააცნო. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ.

მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, წიაღის სექტორის რეფორმა პრიორიტეტულია, რეფორმა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და სავსებით ლოგიკური იყო დარგთან მსგავსი მასშტაბური შეხვედრის გამართვა.

"ინერტული მასალების მოპოვება-გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში და მას დიდი წვლილი შეაქვს სამშენებლო ინდუსტრიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს ამ ინდუსტრიას ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით. ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების საჭიროება და აქტუალობა დიდია და ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავხადოთ ეს ინდუსტრია ორიენტირებული უფრო მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლებოდნენ ჩვენი მეწარმეები და ძირითადი აქცენტი გადამუშავებაზე კეთდებოდეს.

მისასალმებელია, რომ დღეს უკვე იმდენი შესაძლებლობა შეიქმნა და იმდენად შემოსავლიანია ეს ბიზნეს საქმიანობა, იმხელა რესურსი აქვთ მეწარმეებს, რომ ყველა ფიქრობს გადამუშავებაზე, განვითარებაზე, გაფართოებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, დავიწყეთ პროცედურების გამარტივება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები.

 

 

დღის ამბები