18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სამწუხაროდ, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია - გიორგი გახარია

"ჩვენი მოქალაქეების 70%-ზე მეტი უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე, განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, 2019 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული იყო.

"საკმაოდ დატვირთული წელი იყო, როგორც გამოწვევებით და ასევე მიღწევებით. ასევე მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია. დღემდე საქართველოს 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს.

საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, სრულად არის გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული.

ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა. ჩვენი ქვეყნის, მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ მოქალაქეების 70%-ზე მეტი უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, თითოეული მოქალაქე გააგრძელებს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის ქართული ტრადიციებით, კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტის სრულფასოვან წევრობას.

ჩვენი მისიაა შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. დღეს ყველაზე ახლო პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები