განვლილ 2019 წელს, მესამე სექტორი აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, განსაკუთრებული პრობლემები, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის ნონა ქურდიანიძის განცხადებით კი, დღის წესრიგში ერთ-ერთი მწვავე თემა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იყო.
"აქცენტები გვქონდა გადატანილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის თვალსაზრისით, რადგან სწორედ ეს უფლებები იყო დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე. შევაფასეთ, როგორც უშუალოდ აქციის დაშლის მომენტი ასევე, საბოლოოდ როგორ მოხდა ამ ტიპის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდიანიძემ.
განვლილი წლის შეფასებისას, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ მთავარ გამოწვევად მძიმე კრიზისული პოლიტიკური მდგომარეობა დაასახელა.
"მთავარი გამოწვევა იყო მძიმე კრიზისული პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ეს გამოიხატა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებით და პროპორციულ სისტემაზე უარის თქმით, რამაც პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანა, ჩვენი გამოწვევა ამჯერად არის ის, რომ ეს პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან კაბინეტებში გადავიდეს და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ პირველ რიგში საარჩევნო სისტემაზე და შემდგომ უკვე სხვა საკითხებზე შეჯერება," - აღნიშნა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა გურამ იმნაძემ.