TBC-ის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ინვესტორი მოძიებული ჰყავს. მისი განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს ვერავინ შეუშლის.
"არსებობს ინვესტორიც, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა. ანაკლიის პროექტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა, რომ სახელმწიფომ დღეს გამოაცხადოს, თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები. ეს არის სრული სიცრუე, ეს არის დავალება რუსეთიდან. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა კანონიერ და ლეგალურ გზებს, რომ დავიცვათ უცხოელი ინვესტიციები, რომელიც ჩაიდო ანაკლიაში,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას პროექტის განხორციელების შეფერხება სურს.
"საქართველოს მთავრობამ აირჩია ის გზა, რომ კი არ დააინტერესოს ინვესტორი, არამედ დააფრთხოს ის. აქედან გამომდინარე, ვადა ამოიწურა მათ მიერ მოცემული, მაგრამ ეს ვადებით მანიპულირება, უბრალოდ ემსახურება იმას, რომ როგორმე შეფერხდეს პროექტის განხორციელება. მთავარი ამოცანაა, რომ რადგან კონსორციუმი არის ჩვენს მიერ დაფუძნებული, კონსორციუმმა ვერ შესძლოს გარღვევა ამ პროექტის განხორციელების გზაზე,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება. მთავრობამ კონსორციუმს დრო სწორედ 31 დეკემბრამდე მისცა, რომ წარმოადგინოს შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსებაზე. ასევე გარანტია 400 მილიონიან სესხზე საერთაშორისო ბანკებთან. თუ ეს ორი პირობა ვერ შესრულდა, ამის შემდეგ მთავრობას აქვს უფლება, ხელშეკრულება გაწყვიტოს.
ჯერჯერობით, კონსორციუმს კომენტარი არ გაუკეთებია. კონსორციუმმა 16 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოიძიეს ინვესტორი, აცნობეს მთავრობასაც, თუმცა ხელისუფლების მხრიდან, მათი ინფორმაციით, მხარდაჭერა არ ყოფილა. რამდენიმე წუთი წინ თემაზე განცხადებები გააკეთეს თიბისის დამფუძნებლებმა. მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს ბრალდებებს უყენებს და ადასტურებს ინფორმაციას ინვესტორის არსებობის შესახებ.