მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალი წლის ღამის გატარებას პარლამენტის წინ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ წუხელ ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მისი კარავი წაიღეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის სოფელში ერთი დღით იღო წასული, რომ პატიმრობაში მყოფი ძმისშვილისთვის საკვები ჩამოეტანა, ხელისუფლებამ კი ამით ისარგებლა და მისი კარავი ნაგვის მანქანას გაატანა:
"არ ვიცი რამდენად ავადმყოფია დღევანდელი ხელისუფლება, რომელი ერთი გავაკეთო მოკლულ შვილს მივხედო, ამ ხელისუფლებას სამართლიანობისთვის ვებრძოლო, გამოკეტილ ძმისშვილს მივხედო. მე მგონი ივანიშვილს დავალება აქვს, დაადგინოს რამდენი გამძლეობა აქვს ადამიანს. მე განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან მართლა მიხარია რაზეც ბავშვი გაიხარებს, მაგრამ მაგათ არ უხარიათ, ბავშვებს თვალები დათხარეს, ლოგინში ჩაცხრილეს, თავი მოაკვლევინეს. ვახაში ღირსებას ვერ წაშლიან, მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი ბანერსაც დავდგამ, იმ კარავში მე ჩემ თემირლანს ვხედავ, ისიც ხომ ბავშვია," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილის თქმით, მას გუშინ მერიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბავშვებისთვის საახალწლო ატრაქციონის დამონტაჟებას აპირებდნენ და დაპირდნენ რომ მის კარავს არ შეეხებოდნენ, თუმცა დაპირება არ შეასრულეს. მაჩალიკაშვილის თქმით, ამ 2 წლის განმავლობაში მას რამდენიმე კარვის ყიდვა დაჭირდა და უკვე ამის ფინანსური სახსრებიც აღარ აქვს:
"მე დამირეკა შუადღის 3 საათზე, რომ თქვენის ნებართვით კარავს ავიღებთო, ჩემს კარავს და ჩემს ბანერს ხელი არ ახლოთო, დამპირდა კაცურ სიტყვას დამპირდა, ასე იქნებაო, მაგრამ სადაა კაცი. 2 წელია აქ ვცხოვრობ, რომ გავიგო ვინაა ჩემი შვილის მკვლელი, ჩემი ფულები დავხარჯე, ახლა სახლი დამრჩა, იმასაც გავყიდი. ვახა სამართალს დაადგენს, კომისიაც შეიქმნება ამ კრიმინალთა საბუდარში," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა
მაჩალიკაშვილის თქმით, ლიმონკა, რომელიც ძალოვანი უწყებების მტკიცებით სპეცოპერაციისას მის სახლში იქნა აღმოჩენილი, გაბრიელ სალოსის გამზირიდანაა წამოღებული, სადაც ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ სპეცოპერაცია 2017 წლის ნოემბერში ჩატარდა.
"ამაღამ აქ ვარ და აქ ვიქნები, სანამ ამ ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის რომ სახელმწიფომ დააშავა," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას დაპირდნნენ, რომ საღამოს მის კარავს და ბანერს დაუბრუნებენ
"დღეს საღამოს დამპირდნენ, საღამოს მოგიტანთო კარავსაც და ბანერსაც, დაველოდოთ,"- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.