რიკოთის უღელტეხილზე არმატურის მინი საამქროს სახურავის ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომპანიის ზედამხედველობის ინჟინერი ნიკა მელაძე აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.
"გუშინ დილით, სოფელ უბისაში, დიდთოვლობის გამო არმატურის საამქროს სახურავი ჩამოიშალა. შედეგად, დაზიანდა ერთი ჩინეთის მოქალაქე, ხოლო მეორემ, საქართველოს მოქალაქემ მიიღო შედარებით მძიმე დაზიანებები, რის შემდეგადაც გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. ორივე დაშავებულს კომპანიის თანამშრომლებმა პირველადი დახმარება ჩაუტარეს. მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის შემდეგ დადგინდება ყველაფერი,"-განაცხადა ნიკა მელაძემ.
კომპანიის მენეჯერის მოადგილის, ჟიქიანგ ქსუს ინფორრმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"გუშინ თოვლი იყო. თოვლის საფარმა 30-35 სანტიმეტრს მიაღწია, ამიტომაც სახურავი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, რამდენიმე მუშა დაშავდა, ერთი მათგანი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმთან მუდმივ კონტაქტზე ვარ და ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მიმდინარე ტერიტორიაზე დაცულია, მუშები კი შესაბამისი აღჭურვილობით არიან შემოსილნი, მათ შორის, ისინი ატარებენ ჩაფხუტებსაც,"- განაცხადა ჟიქიანგ ქსუმ.