18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
დედაქალაქსა და რეგიონებში საკარანტინო ზონაში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება - ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ასზე მეტი ადამიანი ისევ საკარანტინო ზონებში რჩება. ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

30 ადამიანს აკვირდებიან კლინიკა "ვივამედში", არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ვიდრე განმეორებითი ანალიზები უარყოფით პასუხს არ დადებს, ყველა მათგანი საკარანტინო ზონაში დარჩება. 20-მდე ადამიანს აკვირდებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც.

აბასთუმანში ორკვირიან კარანტინს 26 პირი გადის. ისინი ფილტვის ცენტრში სხვადასხვა დროს შეიყვანეს. ყველაზე პატარა 15 წლის მოზარდია, რომელიც კარანტინში დედასთან ერთად იმყოფება. მედიკოსების თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და "კოვიდ 19"-ის სიმპტომები არცერთ მათგან ამ დრომდე არ გამოვლენია.

პაციენტებზე დაკვირვება გრძელდება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსა და საჩხერის სასტუმროში მყოფებზე. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 10 პირიდან, ექვსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 4 მათგანის პასუხებს კი, ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან. საკარანტინო პერიოდს 6 მარტს დაასრულებს ის 26 ადამიანი, რომლებიც საჩხერის სასტუმროში არიან მოთავსებული.

2 ადამიანია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ერთ მათგანს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურდა, მეორე პაციენტის ანალიზები კი, ლუგარის ცენტრში დღეს გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით იქნება ცნობილი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სპეციალური ხსნარით ამუშავებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებშიც.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები