18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
კოხრეიძე ტელევიზიიდან კრიტიკული აზრის მქონე ყველა ჟურნალისტს მოიშორებს - აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მთავარი გამოშვების წამყვანი ეთერიდან მოხსნა. არხის დირექტორი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ თითქოს, თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევდა.

ბრძანების მიხედვით, კოხრეიძემ ინფორმაცია ამის შესახებ თავად ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო.

"მის ბრძანებას, რომლითაც ეთერს ჩამომაშორა საფუძველი არ აქვს. უკვე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია შემეხმიანა იმისათვის, რომ ამ კონტექსტში ჩემი უფლებები დაიცვან. ვიბრძოლებ ბოლომდე მანამ სანამ ეს წარმოება დასრულდება. მართლა საინტერესოა რას დაუდებს ის საფუძვლად, რომ საბოლოოდ მოიშოროს კადრები," - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი, თეონა ბაკურიძე.

ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ კრიტიკული აზრის მქონდე ყველა ჟურნალისტს მოიშორებს გიორგი კოხრეიძე ტელევიზიიდან. 

"ძალიან მალე გადავა კიდევ სხვა ადამიანებთან და სხვა მიზეზებით გაურკვეველი მიზეზებით აღასრულებს იმას, რომ კრიტიკული მასა ტელევიზიას მოაშოროს," - აღნიშნავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ლაშა ზარგინავა.

როგორც ტელევიზიის წარმომადგენლები აცხადებენ, დირექტორს იმის იმედი აქვს, რომ გაფიცვისთვის ხალხი აღარ დარჩება, თუმცა ისინი საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ.

"მიგვაჩნია, რომ ყველაზე კრიტიკული ვინც იყო ჟურნალისტებიდან, მასზე გადატეხა პირველი ჯოხი და ველოდებით რომ შემდგომში სხვა ჟურნალისტებზე მივა ჯერი. აქამდე გიორგი კოხრეიძე ზრუნავდა იმაზე, რომ საინფორმაციოს დამცველები არ ჰყოლოდა. ის ალბათ იმას ფიქრობს, რომ გაფიცვისთვის ტელევიზიაში ხალხი აღარ დარჩება, მაგრამ ამაში ცდება," - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა. 

უკვე მესამე კვირაა საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები სხვადასხვა მოტივით ხდება. ახალი ამბების სამსახური ჯერ მაია მერკვილაძეს - მისი შტატის გაუქმებით დაატოვებინეს, შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსს დისციპლინური საქმის საფუძველზე გაუუქმდა კონტრაქტი, ახლა კი ეთერიდან თეონა ბაკურიძე მოიხსნა.

დღის ამბები