"დამნაშავეა ყველა, ვინც ქალთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობს ან არ იმჩნევს," - ამ აქცია-პერფორმანსით მიულოცეს ქალებმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს 8 მარტი.
"ქალები ფემიციდის წინააღმდეგ" - ეს იყო მთავარი მოწოდება, რომლითაც ქალთა მოძრაობის წევრებმა ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა ქვეყანაში მთავარ გამოწვევად ძალადობა და ფემიციდი დაასახელეს. ამ პრობლემის გადაჭრის გზად კი საზოგადოების აქტიურ ჩარევას მიიჩნევენ. აქციას სოლიდარობის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსი ქალები შეუერთდნენ.
გახშირებული ფემიციდი დღეს მხოლოდ ქალებს არ გაუპროტესტებიათ. "ამოიღე ხმა, ნუ გახდები ძალადობის მსხვერპლი" - ამ სახელწოდების აქცია მამაკაცებმაც გამართეს. მათ მოძალადეებს მოუწოდეს, რომ თუ ქალს მასთან ცხოვრება არ სურს, ამისთვის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ და ნუ მოკლავენ.
ქალთა საერთაშორისო დღე მოწოდებებით აღნიშნეს რეგიონებშიც. ქალთა მიმართ ძალადობა და საგანგაშო სტატისტიკა გააპროტესტეს ზუგდიდის მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აქციაზე სიმბოლურად იყო გამოფენილი წერილები, ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებით.
დეა გოშხეთელიანი წლების წინ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან პრობლემაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, ყოფილმა მოძალადე ქმარმა მასზე ძალადობა შეწყვიტა.
ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა ქალებს სახალხო დამცველმაც, რომელიც გახშირებულ ფემიციდს და ძალადობას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
მხოლოდ აქციები, სახელმწიფოს და საზოგადოების ჩართულობა საკმარისი არ არის ქალთა მიმართ ძალადობის შესაწყვეტად. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ამბის სწორად გავრცელებაა. არ უნდა იყოს ნაჩვენები ძალადობის ჩადენის პროცესი. ასევე დაუშვებელია, ჟურნალისტმა დეტალურად აღწეროს როგორ მოკლეს ან იძალადეს ქალზე. არ უნდა უჩვენოს იარაღები, რომლითაც დამნაშავე მსხვერპლს გაუსწორდა. სიუჟეტში არ უნდა შეფასდეს მოძალადე დადებით პიროვნებად - ეს ის ძირითადი რეკომენდაციებია, რომელთა შესახებაც მესამე სექტორი საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მომზადებულ რეპორტაჟებზე მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ.