ვირუსთან დაკავშირებული სკრინინგული კვლევები ლუგარის ლაბორატორიის გარდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის სამმართველოშიც გადაიგზავნება. ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე გააკეთა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მოხდება ლუგარის ლაბორატორიის დეცენტრალიზაცია, მიზეზად კი გამყრელიძე დროში მოგებას ასახელებს.
გამყრელიძე ამბობს, რომ ქუთაისის და ბათუმის ცენტრების თანამშრომლებმა ტრენინგები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიარეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პასუხი დადებითი აღმოჩნდება, საბოლოო გადამოწმება ისევ ლუგარის ლაბორატორიაში მოხდება.
"24 საათი მუშაობს ლუგარის ჯგუფები, იქ არის მორიგეობა და არ არის მარტივი ამ საკმაოდ რთული რეაქციის, რომელიც 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მისი მონიტორინგი სრულად, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს დაგეგმილიც გვქონდა, მაგრამ უკვე გადავდივართ ამ ე.წ. გეგმა ბ-ზე ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს ლაბორატორიის ლუგარის დეცენტრალიზაციას. ანუ, ჩვენი კვლევები, რაც ეხება სკრინინგულ კვლევებს, განხორციელდება ასევე ჩვენს დეპარტამენტებში, რომელიც გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის სამმართველოში და ბათუმის სამმართველოში, სადაც გამოცდილება აქვთ მოლეკულური კვლევების, მათ გაიარეს ტრენინგები ლუგარში და იქ განხორციელდება სკრინინგი. თუ აღმოჩნდა დადებითი, იმის კონფირმაცია ისევ განხორციელდება ლუგარში. ანუ, ლუგარის მეთვალყურეობით იქნება ეს. ასევე, იცით, ყველაზე მეტი ნაკადი შემოდის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, სადაც თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ხელმძღვანელი, იქ საკმაოდ ძლიერი ლაბორატორიაა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მოლეკულური კვლევების, ამიტომ მათმა თანამშრომლებმა ჩვენთან გაიარეს გუშინ და დღეს ტრეინინგი და ასევე ტესტების გარკვეული რაოდენობა გადაეცემა ინფექციურ საავადმყოფოს, რათა უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.