საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორები წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლევან გეგეჭკორს და შოთა კვაჭანტირაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ - ბოლოს ლევან გეგეჭკორი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო შოთა კვაჭანტირაძე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე იყო.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.
შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ, რაც დამატებით სტიმულს წარმოადგენს.
გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებთან პროკურორებისა და გამომძიებლების რანგირების სისტემის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს პროკურატურის ორგანოებში კარიერული განვითარების დაგეგმვას და გამჭვირვალე და და კონკურენტული ანაზღაურების სისტემის შექმნას.
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებთან სწორი და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა, ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს.