კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უწყების წარმომადგენლები სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდას ელოდებიან, თუმცა თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვითარება კონტროლირებადი იქნება.
"შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, იმიტომ რომ შიდა გადაცემა, ჯერჯერობით, არის ერთეული და არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემები. საერთოდ, ითვლება სპეციალისტების წრეში, რომ მეოთხეული გადაცემა როცა იწყება, ანუ მეოთხე პირი როცა გადასცემს სხვას, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება შეიქმნება, საკარანტინო სივრცეები სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც შეიქმნას.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, უწყება დამატებითი კლინიკების შერჩევისთვის მუშაობას დაიწყებს.
"უმჯობესია, შემთხვევების მართვა მოხდეს კონცენტრირებულად შერჩეულ კლინიკებში, რაც თავიდან აგვაცილებს ინფექციის შიდა გავრცელებას, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი მსგავს სიტუაციებში. ამდენად, ჩვენ ახლა უკვე დავიწყებთ მეტ მუშაობას იმისთვის, რომ შეირჩეს დამატებითი კლინიკები შემთხვევების მართვისთვის, თუკი ამის საჭიროება დადგება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.