ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
"ამჟამად ჩვენთან კლინიკაში 29 პაციენტი იმყოფება, სავარაუდოდ რამდენიმე პაციენტი დღეს დატოვებს დაწესებულებას. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წუხელ ღამის განმავლობაში ორ მათგანს დაუდგინდა ტემპერატურის მატება - 37.3 გრადუსი, დღეს კი ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამასთან, გუშინ 2 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ვირუსზე და ორივეს პასუხი უარყოფითია," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ.