18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის საფრთხე - კომპანია "კარფურის" განცხადება 

კომპანია "კარფური" მომხმარებლებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ სასურსათო პროდუქტების დეფიციტი ან ფასების ზრდის საფრთხე არ არსებობს.

"კარფურის" ცნობით, კომპანიას აქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული.

"მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ნუ აჰყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე. ცალკეულ პროდუქციაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე თაროებზე არსებული დანაკლისი ივსება მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე დროში.

გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან, მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას," - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, "კარფურის" ცნობით, კომპანია ახორციელებს სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის დასაცავად.

"ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე ვითვალისწინებთ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებას. მაღაზიასა თუ სათაო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად მოგზაურობიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს. რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცირება," - აღნიშნულია "კარფურის" განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები