საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა.
საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ გამოჯანმრთელებულ პაციენტთან დაკავშირებით დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, განმეორებითი ტესტის პასუხის შემდეგ, თუ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, შესაძლებელი იქნება უკვე იმის თქმა, რომ ეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც პირველის მსგავსად ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ტესტი გუშინ ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე მისი პასუხი ნეგატიურია.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცნობილი 26 თებერვალს გახდა. შუახნის მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში - 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.