ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემა არ დაფიქსირებულა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დაინფიცირებულ 3 ახალ პაციენტს უცხოელებთან კონტაქტის ისტორია აქვთ.
"33 ინფიცირებულია ამჟამად. დაემატა სამი. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან და ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, როდესაც საქართველოში არ დაფიქსირებულა ე.წ. მეოთხეული შიდა გადაცემა, ანუ როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, პიროვნება გავიდეს მაღაზიაში ან რაღაც საქმეზე და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული ისე, რომ არ იცოდეს ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს. ჯერჯერობით ეს შემთხვევა არ არის.
ზუსტად არ ვიცი ეს სამი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა თუ კარანტინში. იზოლაციის რომელიღაც ფორმა ჰქონდათ გამოყენებული. სამივე ახალი შემთხვევა არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და აქამდე ცნობილ შემთხვევებთან არაფერი აკავშირებთ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.