საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილები ამბობენ, რომ ფრენების გაუქმების შემდეგ, მათ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ. იქ კი, საიდანაც ფრენები ჯერჯერობით არ აკრძალულა, ბილეთის ღირებულება ძალიან მაღალია.
"კურიერს" მოქალაქეები საბერძნეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან დაუკავშირდნენ.
"აირზენამ" უნამუსოდ გააძვირა ბილეთები. 470 ევრო არის ფრენის ფასი, როდესაც მსოფლიოში კრიზისია და არა მხოლოდ ქვეყანაში. სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ უზრუნველყოს ძველი ტარიფით ვიყიდოთ ბილეთი და გამოვფრინდეთ.
რა უნდა ვაკეთოთ აქ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთი კვირა? თუ ბილეთი ვიყიდეთ, საჭმლის და ჰოსტელის ფულიც აღარ დაგვრჩება. სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, რომ დანიშნოს სპეცრეისი?"- უთხრა "კურიერს" უცხოეთში დარჩენილმა მგზავრმა.
"გადაიდო Wizz Air -ის ფრენა. 2 დღეა საელჩოს მივაწოდეთ სიები, 60 ადამიანი ვართ, რომლებიც ჩავრჩით. არანაირი კონტაქტი და რეაგირება არ არის. ფრენები არის, 680 ლარი ჯდება, ამას ემატება, რომ 400 კილომეტრით დაშორებული ვართ ვარშავიდან და თანხებიც არ გვაქვს წავიდეთ. კონტრაქტი შევწყვიტეთ, ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდით და ბინის მეპატრონე გაგვყრის გარეთ,"- ამბობს "კურიერთნ" პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს ავიახაზების გენერალური დირექტორი ბილეთზე ფასების ზრდის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მგზავრებმა ფასის ზრდა არ იგრძნონ.
"ყოველი ფრენა არის გარკვეული ხარჯი, მოგებაზე არ არის საუბარი და ამ ხარჯების დაფარვაში, რადგან თბილისიდან ევროპაში არავინ მიფრინავს ამ თვითმფრინავებით. იქიდან აქეთ მოფრინავენ და მგზავრებმა თავის თავზე, რომ არ აიღონ ეს ტვირთი, მთავრობა დაეხმარება ეროვნულ ავიახაზებს, რომ შეგვიმსუბუქოს ხარჯები, რაც აისახება ბილეთის ფასზე, რომ მგზავრებმა შეღვათიან ფასად იმგზავრონ,"- აცხადებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს თვალ-ყური ადევნონ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და საჭიროებების შემთხვევაში დროულად მიმართონ ქვეყნის წარმომადგენლობას.
"იცით, რომ რესურსები შეზღუდულია. სახელმწიფო მუშაობს არაორდინალურ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში. მოთხოვნის დროს არის ფასების მატებაც, როდესაც კომერციულ ნაწილზეა საუბარი და პოლონურ მხარესთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ რეისი, რომელიც დღეს მოფრინავს ვარშავიდან, მინიმალურ ტარიფებში შესრულდება.
მზად ვართ, ყველა კომპანიასთან ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინება. სხვადასხვა ქალაქებში არიან ჩვენი მოქალაქეები და რთულია შიდა გადაადგილებაც. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა ყველა რესურსი ამოწურული არ არის,"-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი.