20 დღიანი ბრძოლის გამოცდილებითა და კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 82-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებელს ქვეყანა COVID-19-ის 34 პაციენტის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევით აფიქსირებს. მათ შორის, ახალია შუახნის ქალი, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში თავისივე ოჯახის წევრთან კონტაქტის გამო მოხვდა. ისტორია აქაც მეორდება და მათზე კორონავირუსი სხვა ქვეყანაში მყოფი პირისგან გავრცელდა.
კორონავირუსის ტესტებზე ბოლო დადებითი პასუხიც ლუგარის ლაბორატორიამ აჩვენა, თუმცა ამის შემდეგ კვლევები კიდევ სხვა ლოკაციებზეც ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ იმ რისკების შეფასების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც კლასტერების დადგენის შემდეგ მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის მატება.
მოსალოდნელი საფრთხეების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებები. ზოგ მათგანში საკარანტინო სივრცეები უკვე შექმნილია და საეჭვო პაციენტების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. ქვეყნის მასშტაბით კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 1000-ს გასცდა, რაც საჭიროებს კლინიკებში დამატებითი თავისუფალი ადგილების არსებობას.
გაიზარდა საკარანტინო პერიოდიც, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოში გავრცელებული ვირუსით ინფიცირებულები არიან. ისინი სტაციონარში 14 -ის ნაცვლად 20 დღეს გაატარებენ. ამის შემდეგ კი თვითიზოლაციაში დარჩებიან.
ოფიციალურად გამოჯანმრთელებული პაციენტის შემდეგ კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით 33 პირი რჩება. მათგან 29 თბილისის, ხოლო 1 ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, COVID-19-ის 3 მატარებელი პირი მკურნალობას საჩხერეში აგრძელებს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ე.წ. მესამეულ გადაცემას არ გასცდენია.