პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად გატარებული ღონისძიებების ფარგლებში კაფე-ბარებისა და რესტორნების დაკეტვის რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, პრემიერის რეკომენდაციის მიუხედავად, კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილი არ დაიხურა და მოუწოდა მათ მფლობელებს, დაემორჩილონ შესაბამის რეკომენდაციას.
"სამწუხაროდ, არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომელთაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღექვათ ის რეკომენდაცია, რომელიც გავეცით. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო, შესასრულებელი და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებას სახელმწიფო უფრო მკაცრად გააკონტროლებს.