სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად, განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიდეო-კონფერენცია დიასპორული პროექტის - “საქართველოს ახალგაზრდა ელჩი” მონაწილეებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გივი ჭიჭინაძის და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის მონაწილეობით.
ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მონაწილეებმა ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგებლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული "ახალგაზრდა ელჩების" რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმავლობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე.
როგორც პროექტში გამარჯვებულმა "ახალგაზრდა ელჩებმა" აღნიშნეს რომ ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების შესახებ.
ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამის მითითებებს გასცემს მათ დასახმარებლად,"- ნათქვამია განცხადებაში.