18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
არის საუბარი დენის ვაუჩერზე, ასევე, ბიზნესს შეიძლება საშემოსავლოს ნაწილი დავუთმოთ - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, COVID 19-ის გავრცელების რისკის გამო და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბიუჯეტი კრიზისული საჭიროებებიდან გამომდინარე გადაეწყობა. მინისტრის თქმით, უნდა ამოქმედდეს სოციალური დაცვის მექანიზმი, რომელიც, პირველ რიგში, დაიცავს იმ მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო.  

"პირველ რიგში, საუბარი არის სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებზე, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება ცხოვრება იმიტომ, რომ ან სამსახური, ან შემოსავლის წყარო დაკარგა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ კრიზისულ ბიუჯეტზე, ამ ფილოსოფიით უნდა გადაეწყოს ეს ბიუჯეტი, რომ ამ პერიოდში სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას. 

არის საუბარი რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე, არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესს საშემოსავლოს ნაწილი დავუთმოთ, რომ მათ დაუტოვონ ხელფასის გადახდა და ჩვენ მოვუხსნით საშემოსავლო ვალდებულებას. სამწუხაროდ, ერთი ზომა ყველას არ ჰყოფნის, რადგან სხვადასხვა ბუნების არის.

დღევანდელ დღეს თქვენ მოისმენთ სხვადასხვა ტიპის სოციალური მხარდაჭერის შეთავაზებებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვისმენთ, ვაანალიზებთ და ვთვლით. ეს უნდა იყოს სწორად მიზნობრივი და უნდა იყოს შესაძლებელი ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სესხის მოზიდვაც შეგვიძლია და ვიზამთ კიდეც, ამის გათვალისწინებითაც უნდა იყოს მდგრადი ფინანსურად,"-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ბიზნესს დასჭირდება სტიმულირება და სახელმწიფოს ამისთვის კონკრეტული გეგმა აქვს. 

"ამ მომენტში, ჩვენ გვაქვს ხელოვნურად შეზღუდული აქტივობები, იმიტომ, რომ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რასაკვირველია, ამის შედეგად ეკონომიკა დაზიანდება და მას დასჭირდება სტიმულირება. ეს მთლიანად, არის გამზადებული დონორ ორგანიზაციებთან ერთად. რამდენიმე სცენარი არსებობს მსოფლიოში, იმის მიხედვით, რა ხანგძლივობა იქნება ამ ვირუსის და რა მასშტაბი. არის სცენარი, როდესაც თვენახევარი 2 თვის შემდეგ, ძირითადად, აღდგება შიდა ეკონომიკური აქტივობები, არის, რომ ეს აღდგება ცოტა მოგვიანებით, 3-4 თვის შემდეგ,"-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები