ყოველდღიურად იზრდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
"კურიერს" საქართველოს მოქალაქეები იორდანიიდან დაუკავშირდნენ - ისინი ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო დროულად არ დაეხმარა და სპეცრეისი არ დანიშნა, ისინი საკვების ყიდვასაც ვერ შეძლებენ, რადგან იორდანიაში კომენდანტის საათი მოქმედებს და ქუჩაში გასვლა აკრძალულია.
"სამწუხაროდ, დღითიდღე უფრო უარესდება სიტუაცია. არ ვიცით როდის გაიხსნება აეროპორტი, რომ დავბრუნდეთ სამშობლოში. საქმის კურსში ჩავაყენეთ კონსული, ყოველდღე გვირეკავს, მაგრამ მას ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ სახელმწიფომ არ დანიშნა სპეცრეისი და დაგვაბრუნა სამშობლოში. როდემდე გავძლებთ, არ ვიცით, რადგან საკვებიც მალე ამოგვეწურება,"-უთხრა "კურიერს" ლაშა ყიფშიძემ.
"იორდანიაში 20-მდე ქართელი ვართ ჩარჩენილი, გამოცხადებულია კომენდანტის საათი, არ შეგვიძლა გარეთ გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში არის 1 წლიანი პატიმრობა, ვითხოვთ, გამოიყოს სოციალური ან სპეცრეისი, რომ შევძლოთ სამშობლოში დაბრუნება,"-განაცხადა "კურიერთან" იორდანიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქე თამარ კილაძემ.
ხვალ ბერლინის მმართულებით "ჯორჯიან ეარვეისი" რეისს შეასრულებს და საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შესრულდება ფრენები ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. მთავრობა აცხადებს, რომ სამშობლოში რისკჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა კარანტინი უნდა გაიარონ და ამ გამოწვევას ქვეყანა მომზადებული უნდა შეხვდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შეცდომის დაშვების უფლება ახლა მთავრობას არ აქვს.