კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად მომხმარებლის დისტანცირების ნიშნები უკვე გამოჩნდა მსხვილი სუპერმარკეტების სალაროებთან. ყველა სავაჭრო ქსელში, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პარალელურად დაიწყო მომხმარებლის რაოდენობის მონიტორინგი. მარკეტებში მისულ ადამიანებს აქვთ დეზინფექციის პროცედურის ჩატარების საშუალებაც. მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ქსელებში, როგორც პროდუქციის მარაგების, ისე - დისტრიბუციის პრობლემა არ არსებობს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს მოქალაქეების უმეტესობა აცხადებს, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილის შეშფოთება სურსათის სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო. ცხოვრების საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, ამ დროისთვის საცალო და საბითუმო ბაზრობები სრული დატვირთვით მუშაობს. დღეს, მიმწოდებლებიც და მომხმარებლებიც შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური დისტანცირება და გამკაცრებული წესები კორონავირუსისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა.
ტვირთების შეუფერხებელი ტრანსპორტირების ფონზე, სასურსათო დეფიციტის საფრთხეს გამორიცხავენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების მხრივ ქვეყანას პრობლემა არც დღეს და არც მომავალში არ შეექმნება. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა ბიზნესთან ფასთა სტაბილურობის შესანარჩუნებლადაც აქტიურად თანამშრომლობს.
საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, ქვეყანაში, სურსათთან და აფთიაქებთან ერთად, ფუნქციონირებას აგრძელებს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამ ბიზნესების მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს. ნათია თურნავამ დღეს ახსნა, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ამ ფორმით მთავრობა მძიმე ეკონომიკური რყევების თავიდან არიდებას ცდილობს.
ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხეების შესაკავებლად, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ქვეყანას ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმში ცხოვრება კიდევ ერთი თვის განმავლობაში მოუწევს.