18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან

ხვალ ბერლინიდან სპეციალური რეისით საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ. ჩარტერულ ფრენას ქართული ავიაკომპანია მთავრობის დაკვეთით შეასრულებს. ყველა მგზავრი სავალდებულო 2 კვირიან კარანტინს გაივლის. სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეები. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. უსახსრობის გამო მათი ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, ღამეს აეროპორტში ათენებს. მთავრობა კომპანიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს, თუმცა ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - უსაფრთხოებაა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რისკის ქვეყნებიდან მოქალაქეების დაბრუნება ორგანიზებულად უნდა მოხდეს, ისე, რომ ამ პროცესმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

ვიდრე მთავრობა პორტუგალიაში მყოფი ქართველების ჩამოსაყვანად სპეციალურ რეისს დანიშნავს, საქართველოს მოქალაქეებს ამ პირობებში უწევთ ყოფნა. დაახლოებით 10 ადამიანი სამშობლოში დაბრუნების იმედით უკვე მეოთხე დღეა, ღამეს აეროპორტში ათენებს.

საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, პოლონეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების 50 კაციანი ჯგუფი. უცხოეთში სამუშაოდ წასულები კორონავირუსის გამო სამსახურისა და საცხოვრებლის დაკარგვის შემდეგ სამშობლოში ვეღარ ჩამოდიან. ავიამიმოსვლის შეწყვეტისა და რეისის გაუქმების შემდეგ კი, ღამეს უკვე მესამე დღეა, ან ქალაქის ცენტრალურ სადგურზე, ან აეროპორტში ათენებენ.

დახმარებას ითხოვენ ისრაელში მყოფი ქართველებიც. ის ადამიანები, რომლებიც "კურიერს" უკავშირდებიან, აცხადებენ, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათისა და უსაფრთხოების მაღალი ზომების დაწესების შემდეგ საცხოვრებლებს ვერ ტოვებენ. არ აქვთ გათბობა და სასმელი წყალი.

სპეციალური რეისის დანიშვნას ელოდებიან ავსტრიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში მყოფი ქართველები. კომპანია "აირზენას" ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვენიდან დღეს უნდა ჩამოეყვანა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების შემდეგ, ფრენა ვერ განხორციელდა. გაუქმდა 23 და 24 რიცხვის სპეციალური რეისებიც, რომელიც ამსტერდამიდან და პარიზიდან უნდა შესრულებულიყო.

ჩეხეთი, გერმანია, ესტონეთი, იტალია, საფრანგეთი, ხორვატია, უნგრეთი - გადადებული ფრენების შესრულებას ელოდებიან და ოფიციალურ თბილისს დახმარებას სთხოვენ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანიებთან სპეციალური რეისების დანიშვნის საკითხზე აქტიურად მუშაობს. დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების მსურველებს, საქართველოში ეტაპობრივად ჩამოიყვანენ.

სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ საქართველოში მყოფი უკრაინისა და გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები. საქართველოს სტუმრები თბილისიდან დღეს, სპეციალური რეისებით გაამგზავრეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამშობლოში 3 ათასამდე ქართველი სპეცრეისით უკვე დაბრუნდა. ასობით ქართველი კი კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩება.

დღის ამბები