ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ზეგისთვის, შესაძლოა, კიდევ 5 გამოჯანმრთლებული პაციენტი დაემატოს.
"დღეს ლუგარის ლაბორატორიაში სამი ადამიანის ანალიზი გავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს. ასევე, ორზე, პირველადი კვლევა უარყოფითი მივიღეთ. შესაძლოა, ზეგისთვის, 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, 8 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 1 იყო ძალიან მძიმედ, ორ მათგანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა.
"8 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 1 იყო ძალიან მძიმედ, ორ მათგანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. მინდა დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ თუკი დროულად მივხედავთ თავს და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ამჟამად, ჩვენთან არსებული პაციენტებიდან კი, ორის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პროგნოზს ჯერ ვერ გეტყვით. არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ეტაპზე, არ არიან მძიმედ, თუმცა შესაძლებელია მათი მდგომარეობის დამძიმებაც.
რაც შეეხება დღეს გამოვლენილ ახალ ინფიცირებულ პაციენტებს, მარინა ენდელაძის თქმით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იყო, რაც ნიშნავს რომ შიდა გადაცემა არ არის.
"დღეს გამოვლინდა კიდევ 4 ახალი ინფიცირებული, რომლებიც არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ არ არის შიდა გადაცემა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. აღნიშნული 4 პაციენტი აქამდე თვითიზოლაციაში იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხი ახალი პაციენტიდან მარნეულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ისინი საშუალო ასაკის არიან, ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია. რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონის დას, როგორც ვიცი, მას არ დაუდასტურდა ვირუსი.
დღეს ჯამში 7 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, 3 მათგანი აჭარაში დაფიქსირდა. მათ შესახებ არაფერი არ ვიცი."- განაცხადა მარინა ენდელაძემ.