18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ქვეყნის გარეთ დარჩენილი ქართველები - საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას რამდენიმე ქვეყნიდან ითხოვენ

ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ამ დრომდე 20 ქართველი რჩება.

ამანში მყოფი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, იორდანიაში კომენდანტის საათიც მოქმედებს. სასურსათო მაღაზიები დღეს ამანში რამდენიმე საათით გაიხსნა, თუმცა, იქ მყოფ ქართველებს ფინანსები აღარ ჰყოფნით.

სპეცრეისის დანიშვნას ითხოვენ ესპანეთში მცხოვრები ქართველებიც. ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო, სამსახური დაკარგეს და მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგანან.

მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ავიარეისები ქვეყნების დედაქალაქებიდან ხორციელდება, სადაც ჩასვლა ბილეთის თანხის გარდა, კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პროტესტი დღეს ვენა-თბილისის სპეცრეისზე ბილეთის ფასმა გამოიწვია. ვენა-თბილისის რეისი ბილეთის ფასი 2300 ლარი იყო. "ჯორჯიან ეარვეისში" ამბობენ, რომ ეს ბიზნესკლასის ფასი იყო, თუმცა, მთავრობასთან შეთანხმებით ამ კლასის ბილეთის ფასიც მაქსიმუმ 199 ევრო იქნება.

მომდევნო სპეცრეისი ევროპიდან საქართველოში ხვალ შესრულდება. "ჯორჯიან ეარვეისის" ბოინგით საქართველოში ავსტრიიდან დაახლოებით 150 მოქალაქე ჩამოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაგეგმილ 5 რეისს უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე სპეცრეისი დაემატება და ბილეთის ფასის ჭერიც მკაცრად განსაზღვრული იქნება.

ხვალ, ავსტრიის დედაქალაქიდან რეისის შემდგომ, სამშობლოში 31 მარტს დაბრუნდებიან მოქალაქეები ამსტერდამიდან, 3 აპრილს ვარშავიდან, 7 აპრილს ათენიდან, 10 აპრილს კი ლარნაკადან. ყველა რეისის მგზავრებს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

დღის ამბები