სომხეთში ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია 72 წლის მოქალაქე, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 290-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანში ინფიცირების 122 შემთხვევაა დაღუპულია 3. თურქეთში 2 433 ინფიცირებულია და დაიღუპა 59 ადამიანი. ყველაზე რთული ვითარება ისევ ევროპაშია.
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მოქალაქეებს უკვე სიმღერით სთხოვენ, მოითმინონ და არ გავიდნენ გარეთ. ვიდეო საბერძნეთის ეროვნული ოპერის თეატრმა გაავრცელა.
ზოგისთვის მოსახლეობაზე ზემოქმედების იარაღი სიმღერაა, ზოგისთვის კი ჯოხი. ურჩ მოქალაქეებს ინდოეთის პოლიცია ჯოხით იმორჩილებს. სამართალდამცველები ადამიანებს ხელჯოხებით აიძულებენ სახლში წასვლას. ინდოეთში სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ამ ეტაპზე 14 დაღუპულია, 2 დღეა კარანტინია გამოცხადებული.
ეგვიპტეში პირამიდების დეზინფექცია დაიწყეს. ლიბიაში კი სადაც ბოლო წლებია საომარი მდგომარეობაა, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სრულ ბლოკადას აანონსებს ისრაელი. ქვეყანამ წესები გაამკაცრა. მოქალაქე სახლიდან 100 მეტრზე მეტს ფეხით ვერ გაივლის. მანქანით ვერსად ვერ წავა მაღაზიის ან აფთიაქის გარდა და გზად ვერ გაიყოლებს 2 კაცზე მეტს. ერთი კვირით დახურეს იერუსალიმის აღდგომის ტაძარიც.
მსოფლიო ვირტუალურ ცხოვრებას ეჩვევა. დიდმა ოცეულმა დღეს ვირტუალური სამიტი გამართა. კონფერენციას დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები და მეფეები ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ეკონომიკის გადასარჩენად 5 ტრილიონ დოლარს გაიღებენ.
მსოფლიო დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირების ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ვირტუალურ სამყაროში ინაცვლებენ ქორწილებიც. ბრიტანელმა წყვილმა 200 კაციანი ქორწილი გააუქმა და სტუმრები ღონისძიებაზე ფეისბუქ-ლაივში ჩართო.
ონლაინ ტარდება პანაშვიდებიც, ცნობილი ამერიკელი ვიდეო-გრაფერი, რომელიც ძირითადად ონლაინ რეჟიმში სპორტულ ღონისძიებებს აშუქებდა, ახლა ვირტუალურ სამგლოვიარო ცერემონიებს უწევს ორგანიზებას.
ამერიკაში დაღუპულთა რაოდენობა დღე-ღამეში 200-ით გაიზარდა და ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულია 70 ათასზე მეტი ადამიანი. პენტაგონმა C დონის მზადყოფნა გამოაცხადა, ეს არის ერთი ნაბიჯი უკიდურეს მზადყოფნამდე. ამერიკა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 ტრილიონს გამოყოფს. სენატმა ქვეყნის ისტორიაში ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მასშტაბური გეგმა დაამტკიცა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დღეს ჩინეთი ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკაზე მესამე ადგილზეა, მეორეზე ისევ იტალიაა. სადაც ინფიცირებულების რაოდენობა 80 ათასამდე გაიზარდა, დაღუპულია 8 ათასზე მეტი. რაც უკვე ორნახევარჯერ მეტია სიკვდილიანობის იმ მაჩვენებელზე, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა.
გერმანიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 229-ია, ინფიცირებულთა 40 ათასს აჭარბებს. სტატისტიკა იზრდება საფრანგეთშიც. ქვეყნაში COVID-19 26 ათას ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსმა 1331-ადამიანი იმსხვერპლა. იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ევროპის მასშტაბით ესპანეთშია. 50 ათასზე მეტი ინფიცირებული და 4 ათასზე მეტი გარდაცვლილი. კორონავირუსი ესპანეთის ვიცე-პრემიერსაც დაუდასტურდა. რთულია ვითარება ნიდერლანდებშიც, სადაც 7 431 ადამიანი ებრძვის ვირუსს. გარდაცვლილია 434 ადამიანი. ქვეყანაში ახლა ტიტების სეზონია, მაგრამ მებაღეები იძულებულები არიან ყვავილები გაანადგურონ, რადგან მათ აღარავინ აღარ ყიდულობს. კორონავირუსის გამო ყვავილებზე მოთხოვნა აღარ არის.
სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ავრცელებს ვიდეოს, როგორ უმღერის პენსიონერი მეუღლეს, რომელსაც მარინა ჰქვია და კორონავირუსით არის ინფიცირებული და მკურნალობს. 82 წლის მამაკაცი ბუშტებით მივიდა საავადმყოფოს ფანჯარასთან და თავიდან ბოლომდე უმღერა იტალიური წარმოშობის ბელგიელი შემსრულებლის, როკო გრანატას ცნობილი ჰიტი "მარინა", რომელიც ძალიან პოპულარული იყო 90-იანებში.
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ მოხვდა ვლადიმერ პუტინი. ევროპული გამოცემები წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იტალიას 9 თვითმფრინავით ვადაგასული წამლები გაუგზავნა. დახმარების 80% უვარგისია. რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები 840-მდე გაიზარდა. დაღუპულია 3 ადამიანი. კორონავირუსის გამო პუტინმა რეფერენდუმიც კი გადადო, რომელითაც ის კონსტიტუციაში ცვლილებებს და საპრეზიდენტო ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივებას აპირებდა. რუსეთმა საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყვიტა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს აფრთხილებს. არ მოხსნან შეზღუდვები ნაადრევად. არ გახსნან სკოლები და ბიზნესი. მსოფლიო ქვეყნებმა გაეროსგან კიდევ ერთი რეკომენდაცია მიიღეს. გაათავისუფლონ პატიმრები, ის მსჯავრდებულები, რომლებიც რისკ ჯგუფებში შედიან.
უხანში საკურა აყვავდა. ჩინეთში ვითარება ყოველდღიურად უმჯობესდება. ქვეყანა ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს უბრუნდება. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მოქალაქეები უკვე პარკებში სეირნობენ. კარანტინის რეჟიმს ქვეყანა საბოლოოდ 8 აპრილს გააუქმებს.