18 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
კარანტინის მე-7 დღე მარნეულში - გამკაცრებული წესები და ჯარიმები

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის მე-7 დღეს უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.

საკარანტინო ზონაში სამართალდამცველები გაძლიერებულ პატრულირებას ახორციელებენ.
სამართალდამცავებმა სოფელ ნახიდურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები 13 პირი 3000 ლარით დააჯარიმეს.

მათ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესი დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა იზღუდება.

პარალელურად მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ამ დროისთვის რეგიონში ასი ათასი ადამიანია შემოწმებული. თერმოსკრინინგის შედეგად კორონავირუსის ერთი შემთხვევა ბოლნისში, ერთი კი მარნეულში გამოვლინდა.

მკაცრი კონტროლია ორივე მუნიციპალიტეტში, შესასვლელ და გასასვლელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და რეგიონში შესვლის მსურველებს, ბაზაში რეგისტრაციის გადამოწმების შემდეგ უშვებენ.

ახალი რეგულაციები არ ეხება სატრანზიტო და სადისტრიბუციო ქსელის ავტომობილების მძღოლებს. შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ, სატვირთო მანქანები რეგიონში უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

საკარანტინო ზონაში დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის რეგიონულ მრჩეველთან, სოზარ სუბართან ერთად, საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა. პრეზიდენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათგან ქვემო ქართლში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როდის მოიხსნება მკაცრი კონტროლი მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ეს ვირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები