17 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
დაღუპული და დაკარგული ადამიანები, დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა - მსოფლიო წყალდიდობებს ებრძვის

მასშტაბური ხანძრების შემდეგ მსოფლიო ახლა წყალდიდობებს ებრძვის. 

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ძლიერმა წვიმამ ღვარცოფი გამოიწვია, რამაც რამდენიმე ადგილობრივი სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. სტიქიის ზონებში 18 ათასზე მეტი ოჯახის ევაკუაცია მიმდინარეობს. წყალდიდობამ ქვეყნის დასავლეთ რეგიონები დააზარალა, სადაც რამდენიმე ქალაქში განგაშის მე-5 დონეა გამოცხადებული.

ჩინეთში კი წყალდიდობის გამო 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 ამ დომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ ჰუბეის პროვინცია დააზარალა. დაზიანებულია 3 ათასამდე საცხოვრებელი სახლი, დანგრეულია ხიდები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57 მდე გაიზარდა, 70 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტია და იგი 300-ს აღემატება. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. დანგრეულია სახლები და ხიდები, წყალმა წაიღო მანქანები, ჩახერგილია საავტომობილო გზები. სტიქიის ზონაში 6 000-მდე მაშველი და 20-ზე მეტი ვერტმფრენია მობილიზებული. წყალდიდობამ თურქეთის შავი ზღვის რეგიონები დააზარალა.

ექსპერტები მსოფლიოში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომდევნო წლების განმავლობაში სტიქიური მოვლენები გახშირდება, ამის პრევენციისთვის კი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა ერთადერთ საშუალებად სახელდება.

დღის ამბები