17 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
ავღანეთში კვლავ ქაოსია - ევაკუაციის მსურველთა რიცხვი დიდია, თუმცა აეროპორტამდე მისასვლელი გზა კვლავ სახიფათოდ რჩება

ავღანეთში კვლავ ქაოსია. ქაბულის აეროპორტიდან ამ დროისთვის 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. აეროპორტს ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ძალები აკონტროლებენ, თუმცა აეროპორტამდე მისასვლელი გზა კვლავ სახიფათოა.

აშშ თალიბანისგან ევაკუაციის უსაფრთხოდ უზრუნველყოფას მოითხოვს. თურქეთის პრეზიდენტი კი ავღანელი ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ თურქეთი მიგრანტების საცავი ვერ გახდება.

ქვეყნის დატოვების მსურველებს თალიბანი ფიზიკურად უსწორდება, ქუჩებში ისმის სროლის ხმაც. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალური დაჯგუფების წევრებმა "დოიჩე ველეს" ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს, მეორე პირი კი დაჭრეს. დაძაბული ვითარების ფონზე კი თალიბანი გამარჯვებას ზეიმობს.

უახლოეს პერიოდში ქაბულის აეროპორტიდან 20 რეისი განხორციელდება, რომლითაც უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება. ფრენებს აშშ უზრუნველყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტი თალიბანისგან ქაბულის აეროპორტში მსურველების უსაფრთხოდ მისვლის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ევაკუაციის უსაფრთხოდ განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს გაეროს გენერალური მდივანიც. ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ ავღანეთის ტერიტორია არასდროს უნდა იქნას გამოყენებული ტერორისტების მიერ.

დღეს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მანამდე კი შეერთებულ შტატებში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ თუ თალიბები ევაკუაციის ოპერაციას ხელს შეუშლიან, არ არის გამორიცხული, ამერიკამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.

დღის ამბები