17 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
TikTok-ზე გავრცელებული ვიდეო, რომელმაც 16 წლის გოგო გამტაცებლისგან იხსნა - რა მოხდა აშშ-ში

პოლიციამ ამერიკის კენტუკის შტატში მოტაცებული 16 წლის გოგონა მას შემდეგ იპოვა, რაც გამვლელი მანქანის მძღოლმა შეამჩნია, რომ ის აჩვენებდა ჟესტს, რომელიც TikTok-ზე ვირუსულადაა გავრცელებული.

გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჟესტი აწული ხელის მტევნით და მოკეცილი თითებით, რაც დახმარების ჩუმ თხოვნას აღნიშნავდა. ამის შესახებ SkyNews-ი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მამაკაცმა შეამჩნია, რომ გოგონამ, რომელიც გვერდით ჩავლილ ვერცხლისფერ ტოიოტაში იჯდა, ხელი ასწია,  თითები მოხარა და ცერა თითი დანარჩენების ქვეშ მოაქცია. მამაკაცმა იცნო ეს ჟესტი, რაც ოჯახური ძალადობისას დახმარების თხოვნას გულისხმობს და პოლიციას მიმართა.

გამოძახებაზე გასულმა პოლიციელებმა 61 წლის ჯეიმს ჰერბერტ ბრიკი დააკავეს. მის მანქანაში აღმოაჩინეს გოგონა, რომლის დაკარგვის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კაროლინის პოლიციას მისმა მშობლებმა აცნობეს. 2 ნოემბრის შემდეგ ბრიკმა გოგონასთან ერთად ჩრდილოეთ კაროლინის, ტენესის, კენტუკის და ოჰაიოს შტატები გაიარა.

ბრიკის ტელეფონში პოლიციელებმა აღმოაჩინეს არასრულწლოვანი გოგონების გამოსახულებები სექსუალურ პოზებში.  ბრიკი დააკავეს. მას ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და არასრულწლოვანის სექსუალური ქმედებების ამსახველი მასალების შენახვაში.

ჟესტი, რომელსაც გოგონა აჩვენებდა გასულ წელს ფართოდ გავრცელდა TikTok-ზე. ამერიკულმა უფლებადამცველი ორგანიზაციამ Women"s Funding Network ამ ჟესტის გამოყენება ურჩია ქალებს იმ შემთხვევაში, როდესაც მათ დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ამის შესახებ არ შეუძლიათ ღიად თქვან - მაგალითად, ოჯახური ძალადობისას, რომელიც ლოკდაუნის დროს გაძლიერდა.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს ჟესტი ქალებს შესთავაზეს, როგორც დახმარების მიღების საშუალება,  დიდ ბრიტანეთში სარა ევერარდის მკვლელობის შემდეგ. 33 წლის სარა ევერარდი 2021 წლის 3 მარტს ლონდონის სამხრეთ ნაწილში გაიტაცეს. რამდენიმე დღეში, სამართალდამცველებმა ქალის ცხედარი ტყეში აღმოაჩინეს. გატაცებასა და მკვლელობაში ბრალი წაუყენეს პოლიციის ოფიცერს, 48 წლის უეინ კაზენსს. უეინ კაზენსმა სარა ევერარდი მაშინ გაიტაცა, როდესაც მეგობრისგან სახლში ბრუნდებოდა. კაზენსმა მას მოტყუებით დაკავების ორდერი აჩვენა და ნაქირავები მანქანით წაიყვანა. ერთი კვირის შემდეგ, ევერარდის ცხედარი ტყეში იპოვეს.

დღის ამბები