17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
ნიდერლანდების პრემიერმა კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც აქციები გამართეს, იდიოტები უწოდა - მსოფლიოში კოვიდვითარება მძიმდება

მსოფლიოში კოვიდვითარება მძიმდება - უკვე 258 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა. მონაცემების მატების გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა საბერძნეთში, მორიგი რეგულაციების შემოღება იგეგმება ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც. ვითარება უარესდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სადაც, ირკვევა, რომ კორონავირუსს წელს უფრო მეტი ადამიანი შეეწირა, ვიდრე გასულ წელს.

გერმანიაში ყოველ 12 დღეში ერთხელ ინფექციის შემთხვევები ორმაგდება. დრამატული სტატისტიკის გამო არავაქცინირებული პირებისთვის ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მეტია შეზღუდვები დაწესდა. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები არასაკმარისია და უფრო მკაცრი შეზღუდვებია საჭირო.

გერმანიის მსგავსად ნიდერლანდებიც ახალი შემთხვევების შეკავებას რეგულაციების დაწესებით ცდილობს. ახალი შეზღუდვებით ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები 8 საათზე იკეტება, მაღაზიები კი მუშაობას 6 საათზე ასრულებენ. შეზღუდვებს ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა რა დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც მასშტაბური აქციები გამართეს, იდიოტები უწოდა.

მონაცემების მატების გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა საბერძნეთში. ბარ-რეტორნების შემდეგ კოვიდსერთიფიკატის გარეშე ბერძნები შესვლას უკვე ვერც სპორტულ დარბაზებში, თეატრებსა და მუზეუმებში ვეღარ შეძლებენ.

დრამატულად მზარდი ციფრების მიხედვით, 2021 წელს შეერთებულ შტატებში კორონავირუსს უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე 2020 წელს. ინფიცირების მაჩვენებლების მატების გამო ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღის ამბები