17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
17 ივნისიდან მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება.

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქუჩას რეაბილიტაცია ისე ჩაუტარდება, როგორც ეს თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება.

"ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით,მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი.

ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება", – განაცხადა კახა კალაძემ. 

სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 6 388 000 ლარით ფინანსდება.

დღის ამბები