მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება - ახალი რეფორმის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია უკვე აქვს. მედიკამენტებზე ფასების შემცირება და ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა - სიახლე ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტულია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პრეპარატები. რეფერენტული ფასები აფთიაქებში წამლის ღირებულების ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.
მედიკამენტების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც რეფორმა შეეხო, 15 იანვარს გამოქვეყნდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით, 40%-ით გაიაფდება.
მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება - ასე აფასებენ სპეციალისტები ახალ რეფორმას. დღეს ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს იმ ჯგუფის წევრებმა, რომელიც რეფერენტული ფასების შემუშავების საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა.
რეფერენტული ფასების გარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გასულ წელს რამდენიმე რეფორმა განახორციელა. ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული ასობით დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შედეგად, მედიკამენტების ფასები 60 - 80 პროცენტამდე შემცირდა. დაინერგა ელექტრონული რეცეპტების რეფორმაც. დღეისათვის, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად და გენერიკული დასახელებით არის ნებადართული.